Wednesday, February 18, 2009

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ერთ-ერთი ამოცანაა მასწავლებლობის კრიტერიუმების, პროცედურებისა და წესების შემუშავება. ამიტომაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ახალ სასწავლო წელს მნიშვნელოვანი ინიციატივით - მასწავლებლობის მაძიებლობის საპილოტე პროექტით შეხვდა.

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდი წარმოადგენს ერთი მხრივ პედაგოგის პროფესიის დაუფლების რეგულირების ინსტრუმენტს, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ფაკულტეტის კურსდამთავრებულის კვალიფიკაციასთან ერთად ადასტურებს მის უნარს და სურვილს იმუშაოს ისეთ რთულ სპეციფიკურ გარემოში, როგორიცაა სკოლა, ხოლო მეორეს მხრივ ახალგაზრდა სპეციალისტს საშუალებას აძლევს გამოცდილი პედაგოგების ( მენტორების) დახმარებით მოსწავლეებთან ინტენსიური კონტაქტის შედეგად გამოიმუშაოს მასწავლებლობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა 2008 წელის სექტემბერში დაიწყო მასწავლებლობის მაძიებლობის საპილოტე პროექტი, რომლიც 2009 წლის ივნისში დასრულდება. პროექტში ჩართულია თბილისის, გორის, თელავის, ახალციხის, ადიგენის, ქუთაისის, ბათუმის, ჩოხატაურის და ქობულეთის საჯარო სკოლების 49 მაძიებელი და 28 მენტორი. პროექტის კოორდინატორია ეკა მამაცაშვილი.

No comments:

Post a Comment